10 ივლისს, 10:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო ფორუმი - ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება.
ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა 23 ლექცია, მათ შორის - ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, მცხეთა, ატენის სიონი), სამი ვორქშოფი, ინტერაქტიული პროგრამა და გამოფენა.
სკოლის მსმენელებს კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს ცენტრის წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის ფარგლებში ასევე ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი მკვლევარები. აღსანიშნავია, რომ ისინი წინა წლის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელზეც მოხსენებებით წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.
ფორუმში „ქართული ხელნაწერი“ 10-მდე ქვეყნის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. სამეცნიერო შეხვედრები 20 ივლისამდე გაგრძელდა.